გსურთ, მოამზადოთ რაღაც განსაკუთრებული და უსაზღვრო ბედნიერება მიანიჭოთ თქვენს პატარებს. შემოგთავაზებთ ულამაზესი და უგემრიელესი ფუნთუშების ,,ვარდების“ რეცეპტს.
ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 250 მლ
- კვერცხი 3 ცალი (2 ცალი ცომისთვის, 1 ცალი შიგთავსისთვის)
- შაქარი 200 გრ (100 გრ ცომისთვის, 100 გრ შიგთავსისთვის)
- ნაღები ან კარაქი, ან მარგანინი 100 გრ
- ფქვილი 600-700 გრ
- ვანილი
- საფუარი 25 გრ (2 ჩ. კ.)
- ხაჭო 500 გრ
- ქიშმიში 100-150 გრ
- ლიმონის ცედრა
- მარილი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში ქიშმიშს დაასხით წყალი.
- რძე შეათბეთ და გადაიტანეთ თასში, დაამატეთ საფუარი, შაქრის ნაწილი და 1 ჩ. კ. ფქვილი. აურიეთ და გააჩერეთ თბილ ადგილას.
- კარაქი გაადნეთ და ცოტა ხნის შემდეგ დაამატეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი.
- ორივე მასა ერთმანეთში აურიეთ და ნელ-ნელა შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი. ცომი დადეთ სითბოში და დაელოდეთ აფუებას.
ვამზადებთ შიგთავს:
- ხაჭო აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, დაამატეთ კვერცხი, ვანილი, შაქარი (100 გრ), ქიშმიში და ყველაფერი კარგად აურიეთ. თუ ხაჭო თხელია, დაამატეთ ფქვილი ან მანი.
- მომზადებული ცომი გაყავით 24 თანაბარ ნაწილად, ამოაგუნდავეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ.
- შემდეგ თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვალად, გაუკეთეთ სამი ნაკვეთი (როგორც სურათზეა მოცემული) ისე, რომ ნაწილები განსხვავებული იყოს, ერთი ნაწილი მეორეს ოდნავ აღემატებოდეს.
- შუაში ჩადეთ შიგთავსის 1 ჩ. კ. ცომის სამი ნაწილიდან ყველაზე პატარა შემოახვიეთ და დაამაგრეთ, შემდეგ-მეორე და ბოლოს-ყველაზე დიდი ნაწილი.
- კიდეები რაც შეიძლება მჭიდროდ შეკარით და ვარდიც მზად არის.
- მომზადებულ ვარდებს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული (შეგიძლიათ ცოტა რძეც დაამატოთ) და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერარტურაზე.
მოამზადეთ ულამაზესი, უგემრიელესი ფუნთუშები, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ.