ყველა თაობის საყვარელი ნამცხვარი ,,ნაპოლეონი“ უკვე წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიასახლისები ამაყობენ, რომ მათ მიერ მომზადებული ნაპოლეონი სასწაულია, უგემრიელესია, ფხვიერია, ფენები კი კარგად ამოსული და ჰაეროვანია.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნაპოლეონის მოსამზადებელ უმარტივეს რეცეპტს, რომლის წყალობით ამ საოცრების გამოცხობა თვით დამწყებ დიასახლისებსაც კი არ გაუჭირდებათ.
ამ უგემრიელესი ნუგბარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გაყინული კარაქი 200 გრ
- ფქვილი 350 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- ცივი წყალი 120 გრ
- ძმარი 11 გრ
- მარილი მწიკვი
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 4 ცალი
- რძე 1ლ
- შაქარი 200 გრ
- სახამებელი 60 გრ
- კარაქი 50 გრ
- ცხიმიანი ნაღები 200 მლ
- ვანილი
მომზადების წესები:
- აურიეთ კვერცხი, წყალი და მარილი. გაყინული კარაქი დაანაწევრეთ, დაამატეთ ფქვილი და მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, ხოლო თუ ხელით მომზადებას გადაწყვეტთ, მაშინ კარაქი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები.
- მიღებული მასა გაყავით 12 ნაწილად, ჩააწყვეთ პარკში და 30 წუთით შედეთ საყინულეში. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვალად, დაახლოებით16 სმ რადიუსის, და გამოცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.
- 5 წუთში ფირფიტა უკვე მზად იქნება. ჯერ ისევ ცხელი ფენები გაათანაბრეთ. ჩამონაჭრელები დაფხვენით და ზემოდან მოსაყრელად შეინახეთ.
კრემის მომზადება
- რძეს დაამატეთ ვანილი და აადუღეთ.
- აურიეთ კვერცხი, სახამებელი, შაქარი, დაასხით ცხელი რძე. დაადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ მასა არ გასქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ კარაქი, კარგად აურიეთ და გააციეთ.
- ცივი ნაღები მიქსერით კარგად ათქვიფეთ, სანამ მასა არ გახდება ფაფუკი და თანდათან შეათქვიფეთ გაციებულ კრემს.
დამიჯერეთ, კრემი გამოგივათ ჰაეროვანი და უგემრიელესი.
მომზადებული კრემით დაფარეთ ფენები. კრემი წაუსვით გვერდებზედაც და ზემოდან მოაყარეთ ნაფხვენები. თქვენ მიერ მომზადებული საოცარი ნუგბარი გასაციებლად შედეთ მაცივარში.
შეგიძლიათ ფენებს შორის შიგთავსად თქვენთვის სასურველი ხილი ან ჯემი, ან შოკოლადი გამოიყენოთ.
პირადად მე შიგთავს არ ვიყენებ, რადგან ნაპოლეონი ხომ ნაპოლეონია და ამიტომ მისი კლასიკური გემო მუდამ დაუვიწყარი იქნება.
მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული კრემი კი შეგიძლიათ ნებისმიერი ნამცხვრისთვის გამოიყენოთ.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!