ჩვენს კანზე უარყოფით გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები, სტრესები, დაბინძურება. კანი შრება და კარგავს ელასტიურობას. არ მოდუნდეთ, რეგულარულად გამოიყენეთ კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებები და იზრუნეთ, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე.
კარგი ხარისხის კოსმეტოლოგიური საშუალებები ძვირადღირებულია და, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანისთვის ხელმიუწვდომელია, ამიტომ გირჩევთ, გამოიყენოთ ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული ბუნებრივი პროდუქტები და თქვენი ხელით მოამზადოთ მალამოები, ნიღბები, ლოსიონები, სკრაბები, რომელთა წყალობითაც შეძლებთ კანის პრობლემების აღმოფხვრას.
გაითვალისწინეთ, რომ ტანისა და სახის კანის აღსადგენად და გასაახალგაზრდავებლად საუკეთესო დრო არის საღამო. გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ძილის დროს კანის უჯრედები ბევრად უფრო სწრაფად აღდგება.
გირჩევთ, გამოიყენოთ ღამის მალამოები, რადგან ისინი უკეთ შეიწოვება და უფრო ძლიერად მოქმედებს კანზე.
შემოგთავაზებთ ღამის მკვებავი მალამოს რეცეპტს, რომელიც ატენიანებს კანს, ასწორებს წვრილ და მიმიკურ ნაოჭებს, აღადგენს კანის ელასტიურობას.
ხელნაკეთი მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შიის კარაქი 50 მლ
- ალოეს გელი 1 ს. კ.
- ჩაის ხის ეთერზეთი 7 წვეთი
- სალბის ან როზმარინის, ან ფორთოხლის ეთერზეთი 5 წვეთი
მომზადების წესი:
- შიის კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ ალოე ვერას გელი და აურიეთ.
- შემდეგ დაამატეთ ეთერზეთები და კარგად აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- მზა მალამო გადაიტანეთ პატარა ქილაში და გამოიყენეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ. მალამო შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე და მკერდზე.
იხილეთ მცირე ინფორმაცია მალამოს შემადგენლობაში შემავალ ინგრედიენტთა შესახებ და გამოიტანეთ დასკვნა, თუ რა სარგებელს მოუტანს იგი თქვენს კანს.
შიის კარაქი შეიცავს რამდენიმე სახის ცხიმოვან მჟავას, მათ შორის, ოლეინის და ლინოლეინის მჟავებს, E, A, F და D_ვიტამინებს. მალამო კვებავს, ატენიანებს, აძლიერებს, აახალგაზრდავებს, ამკვრივებს კანს, ეფექტურად ებრძვის კანის სიმშრალეს, ასწორებს წვრილ და მიმიკურ ნაოჭებს.
ალოეს გელი ხელს შეუწყობს ქსოვილების უჯრედული შემადგენლობის განახლებას. ეთერზეთებს აქვს გამაახალგაზრდავებელი და მატონიზირებელი ეფექტი, აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციებს. გისურვებთ, მუდმივად შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე!