ნიორი სასარგებლო ბოსტნეულია. მას სანელებლების მეფესაც კი უწოდებენ. ნიორი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად.
სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ნივრის უგემრიელესი მწნილის მომზადებას. დამარინადებული ნიორი შესანიშნავი დამატება იქნება ხორცისა და ზღვის პროდუქტების კერძებისთვის, ბოსტნეულის სალათებისთვის, შეიძლება გამოყენებული იქნას პიკანტური სოუსების მოსამზადებლად.
რეცეპტი N1 – ნივრის მწნილი მწვანილით, დარიჩინითა და პირშუშხათი
საჭირო ინგრედიენტები:
- ახალშემოსული ნივრის კბილები (გარჩეული) 1 ლიტრიანი ქილა
- წყალი 3 ჩ. ჭ.
- ძმარი 9%-იანი 1 ს. კ.
- მსხვილი მარილი 1 ს. კ.
- შაქარი 1 ს. კ.
- ოხრახუში და კამა 2-2 ღერო
- პირშუშხას ფესვი (დაჭრილი) 1 ცალი
- დაფნა 1 ფოთოლი
- სურნელოვანი პილპილი 1-2 მარცვალი
- მიხაკი და დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
პირველ რიგში, ამზადებთ მარინადს. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ ძმარი, მარილი, შაქარი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ დაფნის ფოთლები, დაჭრილი მწვანილი, სანელებლები და აადუღეთ.
ახლადშემოსული ნიორი გაარჩიეთ, გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ ნივრის კბილები ჩაყარეთ გასტერილებულ ლიტრიან ქილაში (გაავსეთ), დაასხით ცხელი მარინადი და დაახურეთ გასტერილებული ხუფი. მწნილი აუცილებლად შეინახეთ სიგრილეში.
რეცეპტი N2 – ნივრის მწნილი მწარე წიწაკით
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ახალშემოსული ნიორი 15-20 თავი
- ჩილის წიწაკა (გამხმარი) 5 ცალი
- შავი პილპილის მარცვლები გემოვნებით
- კამის ქოლგები რამდენიმე ღერო
- შავი მოცხარის 2 ფოთლი
- ალუბლის 2 ფოთოლი
მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 2 ს. კ.
- მსხვილი მარილი 2 ს. კ.
- წყალი 1,5 ლ
- ძმარი 9%-იანი 3-4 ს. კ.
მომზადების წესი:
- ნიორი გაარჩიეთ, მოაშორეთ მხოლოდ გარეთა ფოჩები, დატოვეთ მთლიანი თავები, გარეცხეთ და ჩაყარეთ ღრმა თასში, დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 5 წუთი, შემდეგ წყალი გადააქციეთ და ნიორი გააგრილეთ.
- ორლიტრიანი ქილა გაასტერილეთ და ჩააწყვეთ მწვანილები, სანელებლები და გაგრილებული ნიორი, ზემოდან დაადეთ ჩილის წიწაკა, შეგიძლიათ წიწაკის ნაცვლად ჩილის სოუსი გამოიყენოთ.
- მარინადის მოსამზადებლად აადუღეთ წყალი, დაამატეთ მარილი, შაქარი და კარგად აურიეთ. ადუღეთ შაქრის გადნობამდე. მზა მარინადი დაასხით ნიორს. ქილა გაავსეთ, დაახურეთ გასტერილებული ხუფი და დააყოვნეთ 10-15 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, მარინადი კვლავ გადაასხით ქვაბში და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთი, ბოლოს დაამატეთ 9%-იანი ძმარი, დაასხით ნიორს (ქილა გაავსეთ) და მოხუფეთ.
- ქილები ამოაბრუნეთ და შეფუთეთ გაგრილებამდე. შემდეგ შეინახეთ სიგრილეში.
რეცეპტი N3 – ვაშლის ძმრით დამწნილებული ნიორი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ახალშემოსული ნიორი
- წყალი მარინადისთვის 1 ლ
- შაქარი 2 ს. კ.
- მსხვილი მარილი 2 ს. კ.
- დაფნის ფოთოლი 1 ცალი
- ვაშლის ძმარი 5 ს. კ.
მომზადების წესი:
- ნივრის კბილები გაარჩიეთ, გარეცხეთ, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2-3 წუთი, შემდეგ დაასხით ცივი წყალი.
- მოამზადეთ მარინადი. წყალი აადუღეთ, დაამატეთ მარილი, შაქარი, ვაშლის ძმარი და ადუღეთ 2 წუთი.
გასტერილებულ ქილაში ჩადეთ დაფნის ფოთოლი, გაავსეთ ნივრით და დაასხით ცხელი მარინადი. შემდეგ გაუკეთეთ სტერილიზაცია, ცეცხლზე გააჩერეთ 7 წუთი და მოხუფეთ.
რეცეპტი N4 – ნივრის მწნილი მდოგვის მარცვლებითა და ლიმონით
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 1 ლ
- შაქარი 2 ს. კ.
- მარილი 2 ს. კ.
- ლიმონის 2 ნაჭერი (მრგვალი)
- ნივრის კბილები 500 გრ_მდე
- მდოგვის მარცვლები 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- გარჩეული ნივრის კბილებს დაასხით თბილი წყალი და გააჩერეთ 2 საათით. კიდევ ერთხელ კარგად გაარჩიეთ, დაყარეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ ცივი წყალი.
- შემდეგ ნიორი გადმოიტანეთ თასში და დაასხით ცხელი წყალი, მაგრამ წყალი არ აადუღოთ, გააჩერეთ 1-2 წუთი. შემდეგ გადააქციეთ ცხელი წყალი, დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
- ამზადებთ მარინადს. წყალს დაამატეთ მარილი, შაქარი და აადუღეთ. შემდეგ დაამატეთ ლიმონი და ადუღეთ კიდევ 1 წუთი.
- ნახევარლიტრიანი ქილები (2 ცალი) გაასტერილეთ, გაავსეთ ნივრით, დაამატეთ მდოგვის მარცვლები (გაყავით 2 ნაწილად) და დაასხით ცხელი მარინადი. შემდეგ ქილები საშუალო ცეცხლზე გაასტერილეთ 5 წუთის განმავლობაში და მოხუფეთ.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და მოამზადეთ ნივრის ხრაშუნა და არომატული მწნილი!