ყავის მარცვლების ფორმის ფხვიერი ორცხობილები. ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი, თუ სტუმრების სასიამოვნოდ გაოცება გსურთ

შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი, ნაზი და ფხვიერი ორცხობილების, ,, ყავის მარცვლების“, რეცეპტს. ყავის, კაკაოსა და რძის არომატით გაჯერებული პატარა და საყვარელი  ორცხობილები ყველას გააოცებს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 4 ს. კ.
  • ხსნადი ყავა 5 ს. კ.
  • კარაქი 200 გრ
  • ნაღები 30%-იანი 200 გრ
  • შაქარი 250 გრ
  • კაკაო 3 ს. კ.
  • ფქვილი 650 გრ

მომზადების წესი:

  1. ყავა გახსენით ცხელ რძეში, დაამატეთ კარაქი, შაქარი, ნაღები, კაკაო და აურიეთ. გააგრილეთ, ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  2. ცომისგან გამოხელეთ პატარა, ალუბლის ზომის, ბურთულები და  ოდნავ ოვალის ფორმა მიეცით. შემდეგ კბილის ჩხირით შუაში აკეთებთ გრძივ ჩაღრმავებას.
  3. მომზადებული ყავის მარცვლები, ჩაღრმავებული ზედაპირით ზემოთ, დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 12-15 წუთი.

მოამზადეთ უგემრიელესი ორცხობილები და გააოცეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!