კეფირის ღვეზელი ალუბლით. ფუმფულა, ნაზი და ჰაეროვანი დესერტი, რომელიც ძალიან მიყვარს

შემოგთავაზებთ კეფირის ბაზაზე მომზადებული ალუბლის არომატით გაჯერებული ფუმფულა, ნაზი და ჰაეროვანი ღვეზელის რეცეპტს. ალუბალი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჟოლოთი, მარწყვით, მოცვით, მოცხარით, მაყვლით. ძალიან გემრიელია ნესვისა და ატმის კომბინაციით. შეგიძლიათ მოამზადოთ გაყინული ხილითაც.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 300 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • გამაფხვიერებელი 10 გრ
  • ალუბალი 200 გრ
  • კეფირი 200 მლ
  • ზეთი 120 გრ
  • შაქარი 150 გრ

მომზადების წესი:

  1. მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ კეფირი, ზეთი.
  2. ცალკე თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ნარევი ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ კვერცხიან მასას. მიიღებთ თხელი არაჟნის სისქის ცომს.
  3. აიღეთ საცხობი ფორმა, ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი, გადაიტანეთ მზა ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ზემოდან მოაწყვეთ ალუბლი ან თქვენთვის სასურველი ხილი.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-50 წუთი.

მოინდომეთ და ძალიან სწრაფად, მარტივად მოსამზადებელი ფუმფულა ღვეზელით გაუმსპინძლდით საყვარელ ადამიანებს. გემრიელად მიირთვით!