შემოგთავაზებთ ალუბლის ღვეზელის რეცეპტს. კეფირის ნაზ და ჰაეროვან ცომს საოცრად ერწყმის ალუბლის მომჟავო და არომატული შიგთავსი. ცოტა მონდომება და რამდენიმე წუთში საყვარელ ადამიანებს უგემრიელესი დესერტით გაუმასპინძლდებით.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ალუბალი (შეგიძლიათ გაყინულიც გამოიყენოთ) უკურკო 200 გრ
- კეფირი 1 ჩ. ჭ.
- კვერცხი 3 ცალი
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ვანილი
- შაქრის ფხვნილი
მომზადების წესი:
- როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ალუბალიც, მხოლოდ წვენი გადაღვარეთ.
- კვერცხი, ვანილი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. თქვეფთ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეურიეთ კეფირი და ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ცომის ნახევარი თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან მოაწყვეთ ალუბლები და დაფარეთ დარჩენილი ცომით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი. დესერტი გააგრილეთ და ზემოდან დაფარეთ შაქრის ფხვნილით.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!