ხილის, ნიგვზისა და არაჟნის არომატით გაჯერებული ტორტი ,,კარმელიტა”

შემოგთავაზებთ დაუჯერებლად გემრიელი, ხილის, ნიგვზისა და არაჟნის არომატით გაჯერებული ტორტის ,,კარმელიტას“ რეცეპტს. ტორტის მოსამზადებლად გჭირდებათ შავი ქლიავი. უგემრიელესია ატმისა და ბანანის კომბინაცით, ალუბლით.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • სოდა ძმრით 1 ჩ. კ.
  • კაკაო 1,5-2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან გამოყავით. ცილა ცოტა ხნით მაცივარში შედეთ, ხოლო გული შაქართან ერთად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ძმრიანი სოდა და კაკაო. ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი, ათქვიფეთ და ნელ-ნელა შეურიეთ გულიან მასას. თანდათან შეაზილეთ ფქვილი, ურევთ ნიჩაბით ან ხის კოვზით.
  2. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50-60 წუთი.
  3. გაგრილებულ ბისკვიტს თხლად ააჭერით ზედა ნაწილი და გადადეთ გვერდზე. შემდეგ ბისკვიტი ამოგულეთ ისე, რომ მიიღოთ კალათის ფორმა, მაგრამ ძალიან არ მოგივიდეთ.
  4. ბისკვიტის ამოღებული ნაწილი დაფშხვენით.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ჟელატინი 1 ს. კ.
  • წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ცხიმიანი არაჟანი 400 გრ
  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. ჟელატინს დაასხით თბილი წყალი, აურიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ.
  2. არაჟანს ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი. ჟელატინი დადგით დაბალ ცეცხლზე და როგორც კი მასა გახდება ერთგვაროვანი, არ აადუღოთ, გადმოდგით ცეცხლიდან და თანდათან შეურიეთ არაჟანს.
  3. დაჭერით 1 ჩ. ჭ. ნიგოზი
  4. 450 გრ შავი ქლიავი ცოტა ხნით დაალბეთ ცხელ წყალში, გაწურეთ და შემდეგ დაჭერით.
  5. ღრმა თასში აურიეთ ბისკვიტის ნაფშხვენები, დაჭრილი ნიგოზი და შავი ქლიავი. შემდეგ დაასხით არაჟნიანი მასა, ნაზად აურიეთ. მომზადებული შიგთავსით ამოავსეთ ბისკვიტი და დააფარეთ ზედა ნაწილი.

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 50 გრ
  • არაჟანი 4 ს. კ.
  • შაქარი 4 ს. კ.
  • კაკაო 4 ს. კ.

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ, ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან და ცხელი მინანქრით დაფარეთ  ტორტი. ზემოდან გააფორმეთ თქვენი ფანტაზიის მიხედვით.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!