ბზარებს, კოჟრებსა და გარქოვანებულ კანს მარტივად მოიშორებთ, თუ მარტივ საშინაო პროცედურებს ჩაიტარებთ

ბუნებრივი სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება რთულია და განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს.

რეგულარულ მზრუნველობას საჭიროებს ქუსლები. თუ სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ მათ, კანი შრება, იფიტება, უხეშდება, იწყებს აქერცვლას, თანდათან ჩნდება ბზარები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ უსიამოვნო დასანახია, საკმაოდ მტკივნეულია და შეიძლება გარკვეული გართულებებიც მოჰყვეს.

შემოგთავაზებთ ძველ და საოცრად ეფექტურ მეთოდს, რომელიც სამი მარტივი ნაბიჯისგან შედგება. მიჰყევით მოცემულ მითითებებს და აღმოაჩენთ, რომ ქუსლებზე ბზარების მოშორება ბევრად უფრო მარტივი ყოფილა, ვიდრე წარმოგედგინათ.

ნუ დაიზარებთ, პროცედურა  დიდ დროს არ წაგართმევთ, არ საჭიროებს მატერიალურ ხარჯებს და ყველასთვის ხელმისაწვდომია. შედეგად კი მიიღებთ ნაზ და გლუვ კანს ქუსლებზე.

პირველი ნაბიჯი: აბაზანა

თასში ჩაახსით თბილი წყალი, დაამატეთ 2 ს. კ. საკვები სოდა, 2 ს. კ. მარილი და კარგად აურიეთ. მომზადებულ აბაზანაში ჩაყავით ფეხები და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ქუსლები გაიხეხეთ პემზით, გადაივლეთ სუფთა წყალი და ფეხები გულდასმით შეიმშრალეთ.

მეორე ნაბიჯი: მასაჟი

მოამზადეთ 2 ს. კ. ზეთისა და 1 ს. კ. შაქრის ნაზავი. მზა მასა შეიზილეთ დაზიანებულ კანზე და 5 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით.

მესამე ნაბიჯი: დატენიანება

ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ ცოტა, დაახლოებით, 1 ჩ. კ.  ფუტკრის ცვილი, დაამატეთ 2 ს. კ. ზეთი, უმჯობესია ზეითუნის, და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაგრილებული მალამო მცირე რაოდენობით შეიზილეთ ქუსლებზე, ამოიცვით თბილი წინდა და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.

მარტივი ნაბიჯების გათვალისწინებით შეძლებთ ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა კანის სიმშრალე, დაბზარული და გაუხეშებული ქუსლები. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში ერთხელ და ისიამოვნეთ სრულყოფილი ქუსლებით!