თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით ქალებში. თმის ცვენის ძირითადი მიზეზი არის ვიტამინების დეფიციტი, ქიმიური კომპონენტებით დატვირთული საღებავები და თმის მოვლის სხვა საშუალებები, სტრესები, ჰორმონალური ცვლილებები.
საბედნიეროდ, ბუნებრივი პროდუქტების ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი საშუალებებით სწრაფად და მარტივად შეძლებთ თმის ძირების გაძლიერებას, შეაჩერებთ თმის ცვენას, აღადგენთ მოცულობას, მინიჭებთ თმას მბზინვარებას.
მთავარია, გამოიყენოთ ისინი რეგულარულად და სასურველ შედეგს მალე მიიღებთ.
ამჯერად, შემოგთავაზებთ სელის თესლის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს. ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი სელის თესლი კანისა და თმის მოვლისთვის საუკეთესო კომპონენტია.
სელის თესლის ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სელის თესლი 2 ს. კ.
- თბილი წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- სელის თესლს დაასხით თბილი წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. მიღებული ბლანტი სითხე დილით გადაწურეთ და გადაიტანეთ მინის ქილაში.
- მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმის ძირებზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში თავის კანზე გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. პროცედურის ბოლოს თმა ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად.
- ნაყენი შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 2 კვირა.
შეიძლება სელის თესლმა გამოიწვიოს ალერგია. ამიტომ მოცემული ნიღაბის გამოყენებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი. იდაყვის შიგნითა მხარეს წაისვით ნაყენის მცირე მასა და დააკვირდით. თუ მოჰყვა ალერგიული რეაქცია, არ გამოიყენოთ.
ეფექტურ შედეგს მიიღებთ სელის ნაყენის, სპირტზე დამზადებულ წითელი ცხარე წიწაკის ნაყენისა და A და E ვიტამინების კომბინაციით.
ნიღაბი დადებითად მოქმედებს ეპიდერმისზე, ხელს უწყობს თმის ზრდას და აძლიერებს თმის ფოლიკულებს.
პირველ ჯერზე წიწაკის ნაყენი ნაკლები რაოდენობით დაამატეთ.
წიწაკის ნაყენის შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში ან მოამზადეთ თქვენი ხელით. 2 ცალი წითელი ცხარე წიწაკა დააქუცმაცეთ პატარა ნაჭრებად (ხელთათმანები გაიკეთეთ აუცილებლად), დაასხით 200 მლ სამედიცინო სპირტი და 7 დღე გააჩერეთ ბნელ გრილ ადგილას.
თმის ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სელის თესლის ნაყენი 2 ს. კ. (მომზადების წესი ამავე სტატიაში არის მოცემული)
- წიწაკის ნაყენი 1 ჩ. კ.
- A და E ვიტამინის 2-2 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და შეიზილეთ თავის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
- მოცემული ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვე.
თმის ცვენის საწინააღმდეგოდ საუკეთესოა თაფლისა და წითელი ცხარე წიწაკის კომბინაცია.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 4 ჩ. კ.
- წიწაკის ნაყენი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა შეიზილეთ თავის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-30 წუთი. დაიხურეთ შხაპის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.