როგორ მოვამზადოთ თურქული სახელგანთქმული ბლითი ,,სიმითი“. ხრაშუნა, ოქროსფერი ქერქის, სეზამის მარცვლებისა და არომატული სოროფის კომბინაცია

,,სიმითი“ თურქული სახელგანთქმული ბლითი ხრაშუნა, ოქროსფერი ქერქითა და სეზამის მარცვლებით დაუჯერებლად გემრიელია. თურქები მას ჯერ ყურძნის ან სხვა ხილის სიროფში, ბეკმეზში, ავლებენ და შემდეგ-სეზამის მარცვლებში.

მოცემული რეცეპტის მიხედვით, ბლითებს ამოსავლებად ვიყენებთ თაფლიან წყალს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საფუარი 2 ჩ. კ.
  • ფქვილი 400 გრ
  • თბილი წყალი 125 მლ
  • ზეთი 4 ს. კ.
  • შაქარი 1 ჩ. კ.
  • მარილი ჩაის კოვზამდე (არ გაავსოთ)

სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 150 მლ
  • თაფლი 1 ს. კ.
  • სეზამის მარცვლები (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თეთრი მარცვლები, ისე შავი) მოსაყრელად

მომზადების წესი:

  1. თბილ წყალში გახსენით შაქარი, საფუარი და გააჩერეთ 10-15 წუთი.
  2. შემდეგ მომზადებული საფუარი გადაიტანეთ ღრმა თასში, დაამატეთ მარილი, 3 ს. კ. ზეთი და კარგად აურიეთ.
  3. თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი. ბოლოს დაასხით 1 ს. კ.  ზეთი და მზა ცომი კიდევ ერთხელ ჩაზილეთ. ცომი უნდა იყოს ელასტიური.
  4. მზა ცომს გადააფარეთ ტილო და 1 საათით დაასვენეთ.
  5. აფუებული ცომი გაყავით 5 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილისგან გამოხელეთ მოგრძო, ოდნავ მსხვილი გუნდა.
  6. შემდეგ თითოეული გუნდა ხელით ისე დაამრგვალეთ, რომ მიიღოთ, დაახლოებით, 45 სმ სიგრძის ცომი. შემდეგ გადაკეცეთ შუაზე, დაგრიხეთ და შეაერთეთ. კიდეები მჭიდროდ შეკარით ისე, რომ არ გაიხსნას. მოცემული ცომით 5 სიმითის მომზადებას შეძლებთ.
  7. სიროფის მოსამზადებლად აურიეთ თაფლი და წყალი. სეზამის მარცვლები დაყარეთ ფრიალა თეფშზე.
  8. მოამზადეთ საცხობი ფორმა. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  9. თითოეული ბლითი ფრთხილად ჩაყავით სიროფში. შემდეგ ჩადეთ სეზამის მარცვლებში და მოაყარეთ.
  10. მზა ბლითები გაასწორეთ, ცოტა შეგიძლიათ დიამეტრშიც გაზარდოთ და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
  11. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.

ირგვლივ ისეთი საამო სურნელი დატრიალება, რომ ცდუნებას ვერავინ გაუძლებს. თუ გსურთ, იგრძნოთ მისი საოცარი გემო, აუცილებლად უნდა მიირთვათ მომზადებისთანავე.

სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი და უგემრიელესი საუზმით გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.

გემრიელად მიირთვით!