შემოგთავაზებთ კიტრის უგემრიელესი მწნილის რეცეპტს. მწნილის მოსამზადებლად ძმრის ნაცვლად იყენებთ ლიმონმჟავას. კიტრი გამოდის ხრაშუნა და ძალიან გემრიელი.
გასტერილებულ ლიტრიან ქილებში ჩააწყვეთ ცოტა აყვავებული კამა, ალუბლისა და ჟოლოს 2-2 ფოთოლი, ცხარე წიწაკა (თქვენი გემოვნების მიხედვით), სურნელოვანი პილპილის 1-2 მარცვალი, 2 კბილი ნიორი. შემდეგ ლამაზად ჩააწყვეთ კიტრები.
შეგიძლიათ სილამაზისთვის დაამატოთ მრგვალად დაჭრილი სტაფილო.
წყალი აადუღეთ, გაავსეთ ქილები და დაახურეთ ხუფები. გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ წყალი ქილებიდან ისევ გადმოასხით ჩაიდანში, აადუღეთ და კვლავ დაასხით ქილებს. გააჩერეთ 15-20 წუთი. კიდევ ერთხელ წყალი ქილებიდან გადაასხით ჩაიდანში, ანუ პროცედურას იმეორებთ 3-ჯერ, და შემდეგ ამზადებთ მარინადს.
ლიტრ-ნახევარ წყალს დაამატეთ 4 ჩ. კ. მარილი, 4 ჩ. კ. შაქარი და აადუღეთ. ადუღეთ 5 წუთი. მარინადი გაანაწილეთ ქილებში და თითოეულ ქილას (ლიტრიან ქილას) დაამატეთ ნახევარ ჩაის კოვზზე ცოტა ნაკლები ლიმონმჟავა. გაითვალისწინეთ, სამლიტრიან ქილას სჭირდება 1 ჩ. კ. ლიმონმჟავა.
ქილები დახუფეთ, დააწყვეთ თავდაყირა და გაგრილებამდე შეფუთეთ.
ცადეთ, მოამზადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ და ყველას გააოცებთ თქვენ მიერ მომზადებული ხრაშუნა და გემრიელი კიტრის მწნილით.
გემრიელად მიირთვით!