ზამთარში ყველაზე პოპულარული და სასარგებლო ხილია მანდარინი. უგემრიელესი და წვნიანი ხილი ვიტამინების ბუნებრივი წყაროა. გაჯერებულია მჟავეებით, ეთეროვანი ზეთებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. მანდარინის წვენი აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს.
მანდარინის ქერქი მდიდარია კაროტინით, ორგანული მჟავებით და ეთერზეთებით. სისხლძარღვებს აძლიერებს მანდარინის აპკზე გადაკრული ,,თეთრი ბადე“. მიირთვით ეს უგემრიელესი ხილი თეთრ ბადესთან ერთად.
მანდარინის ზეთი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიურ ინდუსტრიაში. მანდარინის ზეთს ამატებენ საცხებს, მასაჟისთვის განკუთვნილ ზეთებს.
შემოგთავაზებთ მანდარინის ბაზაზე მომზადებული მკვებავი და დამატენიანებელი ხელნაკეთი ნიღბების რეცეპტებს.
1. სახის კანის დამატენიანებელი ნიღაბი
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 2 ცალი მანდარინის წვენი
- თბილი რძე ცოტა
- შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მანდარინის წვენი დაასხით შვრიის ფანტელს, აურიეთ და დაამატეთ ცოტა რძე. უნდა მიიღოთ ფაფისებური მასა. ნიღაბი სქელ ფენად წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. გაიჩერეთ 10-15 წუთი. ნარჩენები აიღეთ ბამბის სველი ტამპონით და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
2. მკვებავი ნიღაბი
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მანდარინი 1 ცალი
- ნაღები ან თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მანდარინის რბილობი დაჭყლიტეთ, დაამატეთ ნაღები და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა წაისვით წინაწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. გამწმენდი ნიღაბი
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მანდარინი 1 ცალი
- სახამებელი ან ხორბლის ფქვილი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მანდარინის რბილობი დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ, დაამატეთ სახამებელი და კარგად აურიეთ. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ნარჩენები ჯერ ბამბის ნესტიანი ტამპონით აიღეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.