რატომ ინახება წლები კარგად დაშაქრული კენკრა

თუ საკუთარი თავის და ბავშვების რაიმე ტკბილეულით გახარება გსურთ, კანფეტის ყიდვა საჭირო არაა. მასში რაიმე სასარგებლო უკვე კარგა ხანია არაფერია. ზაფხულში საუკეთესო ტკბილეულია კენკრა, ხოლო ზამთარში – ცუკატები. დაშაქრული ხილის ნაჭრები ნებისმიერ კარამელზე უფრო ნატურალურია! დღეს გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ მარწყვის ცუკატები სახლის პირობებში. მაღაზიაში ნაყიდზე 100-ჯერ უფრო გემრიელია, ხოლო თუ კენკრას კარგად დაშაქრავთ, შენახვას რამდენიმე წელი შეძლებთ.

შინაურული ცუკატები

შინაურული ცუკატები – შესანიშნავი მეთოდი კენკრის ზამთრისთვის შესანახად. დუღილის დროს არ იშლება და მაცივრის გარეშე დიდხანს ინახება. დარჩენილი სიროფი შეგიძლიათ ქილებში მოხუფოთ. ზამთარში მდუღარე წყალში გააზავეთ და კომპოტი მზადაა.

1,5 კგ მარწყვიდან 350 გრ ცუკატს მიიღებთ. ბონუსის სახით – გაჯერებული, წელვადი და უზომოდ არომატული მარწყვის სიროფი.

მკვრივი, დაუზიანებელი და სასურველია ერთი ზომის მარწყვი შეარჩიოთ. თუ კენკრას ბაზარში ყიდულობთ, ყურადღება ფერს და არომატს მიაქციეთ. იდეალური პრიალა კენკრის არჩევა არ ღირს. ასეთი მარწყვი ნამდვილად დამუშავებულია და ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს. კენკრა მშრალი უნდა იყოს, ბუნებრივი ფერი და იერი უნდა ჰქონდეს. ყუნწის ფოთლები მწვანე და ხორციანი უნდა იყოს.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ მარწყვი
  • 1 კგ შაქარი
  • 200 მლ წყალი

მომზადება:

1. მარწყვს ყუნწები მოაშორეთ და კენკრა კარგად გარეცხეთ. პირსახოცზე დააფინეთ, ცოტა გაშრობა აცადეთ.

2. ამ დროში სიროფი მოხარშეთ. შაქარი წყალში გახსენით და ადუღებამდე მიიყვანეთ.

3. სუფთა და მშრალ კენკრას ცხელი სიროფი დაასხით. ბოლომდე გაგრილება აცადეთ, შემდეგ საწურზე გაწურეთ.

4. სიროფი და ყველაფერი, რაც დაიწურა, კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ. კენკრა მდუღარე სიროფს დაუმატეთ და იმ წამსვე გაზი გამორთეთ. გაგრილება აცადეთ და კვლავ გადაწურეთ.

5. მსგავსი მანიპულაცია 7-ჯერ გაიმეორეთ.

6. ბოლოს მარწყვი სიროფში მინიმუმ 3 საათით გააჩერეთ. შემდეგ კენკრა ამოიღეთ და 4 საათით დასაწურად გააჩერეთ.

7. კენკრა პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე ან საჭრელ დაფაზე დააწყვეთ. ასე მზეზე (პირდაპირი სხივების ქვეშ არა) ან მშრალ, განიავებულ ადგილას 4-5 დღე გააშრეთ.

8. პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ კენკრა საშრობში ან ღუმელში 50-80 გრადუს ტემპერატურაზე გააშროთ. ასე ცუკატები 10-15 საათში მზად იქნება.

9. მზა ცუკატები მშრალ ხონჩაში მოათავსეთ, თითოეულ ფენას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და შაქრის პუდრა მოაყარეთ. მშრალ, კარგად განიავებულ ადგილას შეინახეთ. თუ შესაფერისი ადგილი არ გაქვთ, ტკბილეული მცირე პორციებით საყინულეში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!

მარწყვის ცუკატი ისედაც გემრიელია, მაგრამ შეგიძლიათ დესერტებს დაუმატოთ ან მზა კერძები გააფორმოთ. სხვათა შორის, ცუკატები შეგიძლიათ ფორთოხლის ქერქიდან გააკეთოთ. ეს ტკბილეული მეგობრული შეკრების უცვლელი ატრიბუტი გახდება.

მოგეწონათ შინაურული ცუკატების რეცეპტი? მაშინ მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.