ხორცის ღვეზელი-ჩემი ოჯახის წევრების საყვარელი კერძია. ყველანი მოუთმენლად ელოდებიან, მისი საამო არომატის დატრიალებას. გირჩევთ, თქვენც მოამზადოთ და დააგემოვნოთ.
გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და შემოგთავაზებთ სოცრად გემრიელი და ნოყიერი ხორცის ღვეზელის რეცეპტს. ხორცის შიგთავსი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სოკოთი ან თქვენთვის საყვარელი ნებისმიერი პროდუქტით.
ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი იგრედიენტები:
- კარაქი 80 გრ
- შაქარი 1 ს. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- არაჟანი 120 გრ
- სოდა ¼ ჩ. კ.
- მარილი მწიკვი
- საფუარი ან გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ფქვილი 170 გრ
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- ხორცი (ნებისმიერი) 400 გრ
- ხახვი 1 ცალი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- აიღეთ ხორცი (ნებისმიერი სახეობის) და გაატარეთ ან დააბლენდერეთ. დაამატეთ მარილი და წიწაკა.
- ხახვი დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოხრაკეთ ზეთში. დაამატეთ ხორცი და შეწვით. გემოვნებით შეაზავეთ მარილითა და წიწაკით. შემდეგ გააციეთ.
- კვერცხი, მარილი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ. დაამატეთ დარბილებული კარაქი და კვლავ გააგრძელეთ თქვეფა. ნაწილ-ნაწილ დაასხით არაჟანი, დააყარეთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და გააგრძელეთ ზელა. მიიღებთ სქელ და ნაზ ცომს.
- აიღეთ მრგვალი საცხობი ფორმა, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომის ნაწილი დაიტანეთ და თანაბრად გაანაწილეთ საცხობ ფორმაზე. შემდეგ განათავსეთ ხორცი და ბოლოს ცომის დარჩენილი ნაწილი. ღვეზელი გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 20-30 წუთის განმავლობაში.
უგემრიელესი, არომატული ხორცის ღვეზელი სუფრასთან ცხელ-ცხელი მიიტანეთ და ყველა გააოცეთ თქვენი კულინარიული ოსტატობით.