სტატიაში შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებითაც სახლის პირობებში მოამზადებთ ნატურალურ მოჭიქულ ხაჭოს (სიროკი). ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს უგემრიელესი დესერტი არ უყვარს.
,,სიროკების“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 360 გრ
- შაქრის ფხვნილი 50 გრ
- კარაქი 40 გრ
- ვანილი
- კარამელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ
- შაქარი 100 გრ ან შესქელებული რძე
- ნაღები 110 გრ
ინგრედიენტები მინანქრისთვის:
- შოკოლადი 100 გრ
- ზეთი 80 გრ
- დაჭრილი ნიგოზი 100 გრ (სასურველია, ნიგოზი მოხალოთ)
- სილიკონის უჯრებიანი ფორმა
- საკონდიტრო ტომარა 2 ცალი
მომზადების წესები:
- ხაჭო და დარბილებული კარაქი ერთმანეთში აურიეთ დაამატეთ ვანილი, შესქელებული რძე ან შაქრის ფხვნილი. მიღებული მასა დააბლენდერეთ და გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში. ხაჭოიანი მასა გაყავით ორ ნაწილად და დაიწყეთ ,,სიროკების“ მომზადება.
- მინანქარის მოსამზადებლად შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და დაამატეთ უსუნო ზეთი.
- აიღეთ უჯრებიანი სილიკონის ფორმა. ერთ მხარეს უჯრები ამოავსეთ ხაჭოიანი მასით, რომელსაც სხვა ინგრედიენტების დამატება აღარ სჭირდება.
- ხოლო მეორე ნაწილის თითოეულ უჯრაში ჩაასხით მცირე რაოდენობის მინანქარი და სილიკონის ფუნჯით კედლებზე და ძირზე გაანაწილეთ. შოკოლადის ზედმეტი მასა კოვზის საშუალებით ამოიღეთ და ფორმა შედეთ საყინულეში.
- ცოტა ხნის შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან, კიდევ დაამატეთ მინანქარი და ისევ საყინულეში შედეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ მინანქრიანი ფორმების 1,3 დაფარეთ ხაჭოს მასით და ისევ საყინულეში შედთ.
კარამელის მომზადება
- აიღეთ ტაფა, ჩაყარეთ შაქარი და დაადგით დაბალ ცეცხლზე და კარგად აურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება.
- გამდნარ შაქარს დაამატეთ ცხელი ნაღები, აურიეთ და დაადგით ისევ დაბალ ცეცხლზე. ადუღეთ 1 წუთი. რაც უფრო დიდხანს ადუღებთ, მასა მით უფრო გასქელდება. შემდეგ გააციეთ და გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში.
- მაცივრიდან გამოიღეთ სილიკონის ფორმა და მინანქრიან მასას დაამატეთ კარამელი, ზემოდან ისევ ხაჭოიანი მასით შეავსეთ ისე, რომ ფორმის ზედა ნაწილში რამდენიმე მილიმეტრი დარჩეს თავისუფალი.
- შემდეგ დაფარეთ შოკოლადით და 1,5-2 საათით შედეთ საყინულეში.
ახლა კი, ხაჭოიანი თეთრი ,,სიროკები“ ფორმიდან ამოიღეთ, ჩამოაცვით დანის წვერზე და ჩაყავით მინანქარში, რომელშიდაც დაჭრილ ნიგოზს დაამატებთ. მინანქარი რამდენიმე წუთში გამკვრივდება და თქვენი პატარების საყვარელი ნუგბარიც მზად იქნება.
ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ უგემრიელესი, ნატურალური ,,სიროკები“. კარამელის ნაცვლად მე მოხარშულ შედედებულ რძეს ვიყენებ ხოლმე. ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზე არის დამოკიდებული.
გემრიელდ მიირთვით და ისიამოვნეთ!