შემოგთავაზებთ უგემრიელესი ,,შარლოტკას“ რეცეპტს. რეცეპტი ამოღებულია საბჭოთა კავშირის ძველი კულინარიული წიგნიდან.
ვაშლი არომატული და ძალიან სასარგებლო ხილია. საუცხოო არომატისა და გემოს წყალობით იგი აქტიურად გამოიყენება დესერტების მოსამზადებლად.
ნამდვილი საოცრებაა ვაშლით მომზადებული ნამცხვარი ,,შარლოტკა“. დესერტი უმარტივესი მოსამზადებელია და დახვეწილ გურმანებსაც კი მოეწონებათ მისი დელიკატური გემო. ,,შარლოტკას“ მოსამზადებლად საუკეთესო ვარიანტია ანტონოვკა ან სხვა რომელიმე მჟავე ვაშლი.
რეცეპტის შემოთავაზებამდე რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი ნამზადით ყველას გაოცებას შეძლებთ.
- იმისათვის, რომ დესერტის ბისკვიტი ფუმფულა, ჰაეროვანი და ფოროვანი გამოგივიდეთ კვერცხი კარგად უნდა ათქვიფოთ.
- შარლოტკა ჭირვეული ქალბატონივითაა და სათუთი მოსამზადებელია, არ უყვარს წყალი, ამიტომ საცხობი ფორმა და სხვა ჭურჭელი გამოყენებამდე კარგად გაამშრალეთ.
- ვაშლის ჯემს არომატისთვის, რა თქმა უნდა თუ თქვენი სურვილია, დაამატეთ გარგარი, ატამი, მსხალი, ბანანი ან მჟავე კენკრა, ან ქიშმიში.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 5 ცალი
- შაქარი 200 გრ
- ფქვილი 160 გრ
- ვაშლი 1 კგ
- კარტოფილის სახამებელი 2 ს. კ.
- დარიჩინი 2 ჩ. კ.
- მარილი მწიკვი
- ლიმონის წვენი 3 მლ
- ვანილი
- ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ 30 გრ შაქარი და 50 მლ ზეთი
მომზადების წესი:
- როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად კარგად უნდა ათქვიფოთ.
- შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი, მარილი და ხის კოვზით აურიეთ. მიიღებთ არაჟნისებურ მასას.
- ვაშლი გათალეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად, ზემოდან მოაყარეთ სახამებელი, დარიჩინი, მოასხით ლიმონის წვენი და ნაზად აურიეთ.
- მოამზადეთ საცხობი ფორმა (26 სმ დიამეტრის), წაუსვით კარაქი, მოაყარეთ მანანის ბურღული ან ფქვილი.
- ფორმაზე დაასხით ცომის 1/3 და თანაბრად გაანაწილეთ, მოაწყვეთ ვაშლები, შემდეგ _ცომი, კვლავ_ვაშლები, ბოლოს_ ისევ ცომი. ზემოდან მოაწყვეთ ვაშლის შედარებით დიდი და თხელი ნაჭრები. ნამცხვარს გადაუსვით ზეთი და მოაყარეთ შაქარი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45 წუთი.
მოამზადეთ ეს საოცრება და გააოცეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. პირობას გაძლევთ, ისინი აღფრთოვანებულები დარჩებიან.