ფუმფულა ცომით მომზადებული და საოცარი არომატებით გაჯერებული ფუნთუშები ვარდის ფორმით

შემოგთავაზებთ ვარდის ფორმის უგემრიელესი ფუნთუშების რეცეპტს. მოცვის ან მოცხარის არომატით გაჯერებული ფუმფულა ცომით მომზადებული ფუნთუშები ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად კარგ განწყობას შეგიქმნით.

ფუნთუშების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 500 გრ
  • შაქარი 150 გრ
  • მშრალი საფუარი 1,5 ჩ. კ.
  • რძე 100 მლ
  • კვერცხი 3 ცალი
  • კარაქი 85 გრ
  • წითელი მოცვი ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი კენკრა 2 ჩ. ჭ.
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. თბილ რძეს დაამატეთ საფუარი, 2 ს. კ. ფქვილი, 2 ს. კ. შაქარი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადააფარეთ ტილო  და ცოტა ხნით სითბოში დააყოვნეთ.
  2. ფქვილი გაცერით. კვერცხს დაამატეთ შაქარი, მარილი, დარბილებული კარაქი და კარგად ათქვიფეთ.
  1. მიღებულ მასას დაამატეთ მზა საფუვრიანი მასა, აურიეთ და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და მოზილეთ ფაფუკი ცომი, გადააფარეთ ტილო და 1 საათით დააყოვნეთ სითბოში. ცომი მოცულობაში 2-ჯერ მოიმატებს.
  2. მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გაყავით თანაბარ ნაწილებად ისე, რომ გამოხელოთ პატარა გუნდები. გუნდები გააბრტყელეთ მრგვალად და თითოეულს კიდეზე 4 ჭრილი გაუკეთეთ. მიიღებთ ფორმას, რომელიც წააგავს ყვავილს ფურცლებით.
  3. ცომის შუაში ჩადეთ თქვენთვის სასურველი კენკრა, დაახლოებით 1 ჩ. კ. და შემოახვიეთ ჯერ პირველი ფურცელი, თან მოაყარეთ ცოტა შაქარი, შემდეგ პირველ ფურცელს შემოახვიეთ მეორე ფურცელი, თან მოაყარეთ ცოტა შაქარი, შემდეგ_მესამე, მეოთხე. შიგადაშიგ მოაყარეთ ცოტა შაქარი. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ვარდის ფორმის ფუნთუშები თანაბრად გაანაწილეთ (დაიცავით მანძილი).

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, გამოსაცხობად დასჭირდება 30-35 წუთი. გემრიელად მიირთვით!