ნაოჭები თვალებს გარშემო: 7 ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება მათ შესამცირებლად

თვალების მიდამოებში კანი ნაკლებად გამოიმუშავებს კოლაგენსა და ელასტინს. ეს პროცესი კიდევ უფრო ფერხდება ასაკთან ერთად და კანი თანდათან კარგავს ელასტიურობას, შრება, დუნდება, ჩნდება ნაოჭები.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებულ საშუალებებს, რომელთა რეგულარული გამოყენებით  შეძლებთ, თქვენი კანი ნებისმიერ ასაკში იდეალურად გამოიყურებოდეს.

1. ყავის მარცვლები

ყავას ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს კანისთვის. არომატულ მარცვლებს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება, რომელიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ყავა საუკეთესოა წვრილი ხაზების, ნაოჭების, პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად და კანის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თანაბარი რაოდენობით აიღეთ წმინდად დაფქული ყავა და კაკაო, დაამატეთ ცოტა თაფლი და აურიეთ. მიღებული პასტისებური მასა შეიზილეთ სახის კანზე, თვალების ირგვლივ, ყელზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს წაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი.

2. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. ქოქოსის ზეთი მდიდარია E ვიტამინით და მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტებით. სწორედ ამიტომ, მოცემული ზეთი ნაოჭების საწინააღმდეგოდ საოცრებებს ახდენს. მოცემული ზეთი დაიტანეთ სახის კანზე, თვალების ირგვლივ კანზე. თუ თითების ბალიშებით მსუბუქ მასაჟს გაიკეთებთ, ხელს შეუწყობთ ქოქოსის ზეთის კანის ფორებში მარტივად შეღწევას.

ნაოჭების შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუშისა და გვირილის ზეთი.

3. ზეითუნის ზეთი

E და K ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ზეითუნის ზეთი აფერხებს კანის ნაადრევ დაბერებას. მოცემული ზეთი საუკეთესო დამატენიანებელი და მკვებავი საშუალებაა. დაიტანეთ ზეითუნის ზეთი კანზე და 10 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.

4. რძის ფხვნილი

რძის ფხვნილი შეიცავს რძემჟავას, რომელიც არის ბუნებრივი ალფა-ჰიდროქს მჟავა. მოცემული პროდუქტი საუკეთესოა მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და ასევე კოლაგენის დონის ასამაღლებლად.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძის ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი, ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ქოქოსის ზეთი.

5. ბანანი

A, C და E ვიტამინებით მდიდარი ბანანი კანისთვის ძალიან სასარგებლოა. ბანანი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და აფერხებს ნაადრევ დაბერებას.

თვალების გარშემო კანზე დაიტანეთ დაჭყლეტილი ბანანი და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. 15 წუთის შემდეგ დაიბანეთ და წაისვით ნუშის ან აბუსალათინის ზეთი. მოცემული საშუალება საუკეთესოა მოშვებული ქუთუთოების საწინააღმდეგოდ.

6. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი ზრდის კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, ატენიანებს კანს და აუმჯობესბეს სისხლის მიმოქცევას.

თვალების გარშემო კანზე აბუსალათინის ზეთით გაიკეთეთ მასაჟი და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

7. როზმარინი

ეს მცენარე დადებითად მოქმედებს კანზე, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ამცირებს შეშუპებას, თვალის სიწითლეს. შეგიძლიათ ქოქოსის, ნუშის, აბუსალათინის ზეთებს დაამატოთ როზმარინი და კიდევ უფრო მეტი ეფექტურობა შეჰმატოთ მათ.

გამოიყენეთ მოცემული უმარტივესი საშუალებები და  შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.