ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული გოგრა სასარგებლო ბაღჩეულია. გოგრის ბაზაზე უამრავი კერძისა და დესერტის მომზადება შეგიძლიათ. სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს.
1. გოგრის კექსი
გოგრის კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გოგრა 350 გრ
- შვრიის ფანტელი 150 გრ
- კეფირი 200 მლ
- სოდა 1 ჩ. კ.
- ფქვილი 100 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- ზეთი 100 მლ
- შაქარი 100 გრ
- ნახევარი ლიმონის ცედრა
მომზადების წესი:
გოგრა გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაამატეთ კეფირი, სოდა და აურიეთ, დააყოვნეთ 10 წუთი. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ზეთი და კარგად აურიეთ. შემდეგ მასები გააერთიანეთ და კარგად აურიეთ.
საცხობ ფორმაზე დააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი და გაათანაბრეთ. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. კექსი გამომცხვარია თუ არა შეამოწმეთ კბილის ჩხირით.
2. შემოგთავაზებთ გოგრის ბლინების რეცეპტს
საჭირო ინგრედიენტები:
- მოხარშული გოგრა 200 გრ
- თბილი რძე 2 ჩ. ჭ. (შეიძლება ცოტა მეტიც დაგჭირდეთ)
- საფუარი 1 ჩ. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- ფქვილი 100 გრ
- შაქარი და მარილი გემოვნებით
- გამდნარი კარაქი 50 გრ
მომზადების წესი:
მოხარშული გოგრა დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ. გადაიტანეთ თასში. თბილ რძეს დაამატეთ საფუარი და ცოტა ხნით დააყოვნეთ გასააქტიურებლად. შემდეგ დაასხით გოგრას, დაამატეთ კვერცხი, ფქვილი და აურიეთ. მიღებული მასა 1-2 საათით დააყოვნეთ სითბოში. შემდეგ გემოვნების მიხედვით დაამატეთ მარილი, შაქარი, გამდნარი კარაქი და აურიეთ. მზა ცომი ცოტა ხნით დააყოვნეთ და შემდეგ ბლინები ჩვეულებრივი წესის მიხედვით გამოაცხვეთ.
3. გოგრის ორცხობილები
გოგრის ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 8 ცალი
- კარაქი 2 ს. კ.
- გოგრის რბილობი (დაბლენდერებული) 1 ჩ. ჭ.
- ფქვილი 2 ჩ. ჭ.
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
გოგრის რბილობს დაასხით წყალი, შეაზავეთ მარილით. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ, დაამატეთ ზეთი და ხის კოვზით ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და ადუღეთ კიდევ 7 წუთი. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და ურევთ, სანამ მასა არ გაგრილდება. გაგრილების შემდეგ დაამატეთ კვერცხი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და კოვზით დააწყვეთ ცომის პატარა გუნდები. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25 წუთი.
4. გოგრის ალადები კარტოფილითა და ხახვით
საჭირო ინგრედიენტები:
- გოგრა 500 გრ
- კარტოფილი 500 გრ
- ფქვილი 3 ს. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- ხახვი გემოვნებით
- შავი პილპილი, მარილი გემოვნებით
- ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
გოგრა და კარტოფილი გათალეთ და გახეხეთ, დაამატეთ კვერცხის გულები, წვრილად დაჭრილი ხახვი, ფქვილი და აურიეთ. შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. ცილა ათქვიფეთ და ნელ-ნელა შეურიეთ კარტოფილიან მასას.
ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი და ალადები ორივე მხრიდან შეწვით. ოქროსფრად დაბრაწული ალადები შეგიძლიათ არაჟანთან ერთად მიირთვათ.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!