ბულგარული წიწაკა ფარშირებული ქათმის ფილეთი და სოკოთი. მარტივი რეცეპტი და საოცარი გემო

ალბათ, მუდმივ ძიებაში ხართ, ფიქრობთ, რა მოამზადოთ, რომ ოჯახის ყველა წევრი კმაყოფილი იყოს. შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს. ქათმის ფილესა და სოკოს შიგთავსით ამოვსებული ბულგარული პილპილი ძალიან გემრიელია და არომატული.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე 500 გრ
  • ქამასოკო 500 გრ
  • არაჟანი 400 მლ
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი 1 თავი
  • რეჰანი
  • ბულგარული წიწაკა
  • მარილი
  • ზეთი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, შეარჩიეთ სხვადასხვა ფერის, მოაჭერით ზედა ნაწილი (არ გადაყაროთ, რადგან ზემოდან დასაფარებლად გამოგადგებათ) და თესლისგან გაასუფთავეთ.
  2. შემდეგ ამზადებთ შიგთავსს. ყველა ინგრედიენტს წვავთ ცალ-ცალკე.
  3. ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბიკებად და შეწვით ცოტა ზეთში. მზა ფილე გადაიტანეთ ემალის თასში.
  4. ხახვი წვრილად დაჭერით და ცოტა ზეთში მოთუშეთ. შემდეგ დაამატეთ გახეხილი სტაფილო და ცოტა ხნით კვლავ გააგრძელეთ თუშვა. მოთუშული ხახვი და სტაფილო დაამატეთ ფილეს.
  5. სოკო დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეწვით. ყველა შემწვარი ინგრედიენტი აურიეთ, დაამატეთ არაჟანი, წვრილად დაჭრილი რეჰანი, პილპილი, მარილი და აურიეთ.
  6. ბულგარული პილპილები ამოავსეთ მომზადებული შიგთავსით, დააფარეთ მოჭრილი ზედა ნაწილები და ჩააწყვეთ საცხობ ფორმაში.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!