ჩემი თმა ძლიერი და ბზინვარე რომ იყოს, კანი კი – იდეალურად სწორი და გლუვი, ამ საშინაო ნიღბებს ვიყენებ

კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის ალოე ვერა და ქოქოსის ზეთი საუკეთესო ინგრედიენტებია. ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ალოე ვერას გელი ამშვიდებს და ახალისებს კანს. ქოქოსის ზეთი საოცრად ეფექტური საშუალებაა კანის ახალგაზრდობისა და თმის სილამაზის შესანარჩუნებლად.

ამ ორი უძლიერესი ინგრედიენტის კომბინაცია საოცრებებს ახდენს. შემოგთავაზებთ რამდენიმე ნიღაბის რეცეპტს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.

თმის ნიღაბი N1

ალოეს ფოთოლი გამოყენებამდე გარეცხეთ და გამოწურეთ წვენი. თუ გსურთ, გაატარეთ ან დააბლენდერეთ ალოეს მთელი ფოთოლი. ფოთლის გარე შრე ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ხელს უწყობს ქერტლისა და მიკრობების მოცილებას.

ალოეს 2-3 ს. კ. გელს (რაოდენობა განსაზღვრეთ თმის სიგრძისა და მოცულობის მიხედვით) დაამატეთ 1-3 ს. კ. ქოქოსის ზეთი და აურიეთ. ნიღაბი წაისვით თმაზე, დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაითბუნეთ პირსახოცით. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ და გადაივლეთ ლიმონის წვენისა და თბილი წყლის ნარევი ან ჭინჭრის ნახარში.

მაქსიმალური შედეგის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.

თმის ნიღაბი N2

2 ს . კ. ოხრახუშის თესლს დაასხით ცოტა წყალი და მთელი ღამით ჩაალბეთ. შემდეგ დააბლენდერეთ, დაამატეთ 2-3 ს. კ. ალოე ვერას გელი, 1 ს. კ. ქოქოსის ზეთი და აურიეთ. მომზადებული მასა შეიზილეთ თავის კანზე და შემდეგ თმის მთელ სიგრძეზე თანაბრად გაინაწილეთ, დაიხურეთ შხაპის ქუდი და  დაითბუნეთ პირსახოცით. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ და გადაივლეთ ვაშლის ძმრისა და თბილი წყლის ნარევი. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.

ოხრახუშის თესლი შეგიჩერებთ თმის ცვენას, ჰმატებს მოცულობას, ეფექტურად ებრძვის ქერტლს.

ნიღბები სახის კანისთვის

რეცეპტი N1

1-2 ს. კ. ალოეს გელს დაამატეთ 1 ჩ. კ. ქოქოსის ზეთი, E ვიტამინის 1 კაფსულა (გამოწურეთ შიგთავსი) და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. E ვიტამინი ამცირებს ნაოჭებს და კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობასა და სილამაზეს.

მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თანაბრად გაანაწილეთ. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. შემდეგ გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ. მოცემული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ გაპარსვის შემდეგ და აირიდოთ კანის გაღიზიანება და გამონაყარი.

რეცეპტი N2

1-2 ს. კ. ალოე გელს დაამატეთ 1 ჩ. კ. ქოქოსის ზეთი, ნახევარი ჩ. კ. თაფლი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ. 15 წუთის შემდეგ ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ალოე ვერა ებრძვის აკნესა და სოკოვან ინფექციებს.

ქოქოსის ზეთი კანს უნარჩუნებს ელასტიურობასა და სიმკვრივეს, ხოლო თაფლი უზრუნველყოფს კანის ბუნებრივ  დატენიანებს.

მოცემული ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 3-4-ჯერ და კანს შეუნარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.