ნაზი ცომი, საუცხოო არომატებით შეზავებული გულსართი და ვარდის ლამაზი ფორმა

უგემრიელესი, ნაზი ცომისა და საუცხოო არომატებით შეზავეული გულსართის კომბინაციით მომზადებული ვარდის ფორმის ლამაზი ფუნთუშები_უბრალოდ სიამოვნებაა. მიჰყევით რეცეპტს და მოამზადეთ ეს გემრიელობა.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 500-600 გრ
  • მაწონი 100 გრ
  • თბილი რძე 180 მლ
  • შაქარი 100 გრ
  • 3 ცალი კვერცხის გული
  • კარაქი 100 გრ
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ. კ.
  • საფუარი 20 გრ
  • მარილი მწიკვი
  • 1 ცალი ლიმონის ცედრა

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რიკოტა, შრატის ყველი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ცხიმიანი ხაჭოთი) 300 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • ნუში ან თხილი 80-100 გრ
  • 1 ცალი ფორთოხლის ცედრა
  • ფორთოხლის ესენცია 1 ჩ. კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • ნუშის ფანტელი 1 ს. კ.
  • შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. საფუარს დაამატეთ 1 ს. კ. შაქარი და აურიეთ.

2. რძე შეათბეთ. კარაქი გაადნეთ და გააგრილეთ.

3. 3 ცალი კვერცხის გული, შაქარი, ვანილი და მარილი ათქვიფეთ.

4. გაცრილი ფქვილი და ლიმონის ცედრა აურიეთ. შემდეგ დაამატეთ საფუვრისა და შაქრის ნარევი, თბილი რძე, მაწონი, კვერცხიანი მასა და მოზილეთ მაგარი ცომი. ბოლოს შეაზილეთ გამდნარი კარაქი.ზელთ 15 წუთის განმავლობაში.

5. მზა ცომი 1 საათით გააჩერეთ სითბოში. მასა 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.

6. ამზადებთ გულსართს. თასში აურიეთ ყველი, ფორთოხლის ცედრა, დაფქული ნუში, შაქარი, ფორთოხლის ესენცია.

7. აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გაყავით 12 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ მრგვალ ფენად, თვალით გაყავით თანაბარ ნაწილებად და ჩაჭერით ისე, როგორც ფოტოზე არის მითითებული. წრის შუაში დადეთ გულსართი, დაახლოებით, ნიგვზის ზომის და შემოახვიეთ ცომის ჯერ ერთი ნაწილი, შემდეგ_მეორე, მესამე, მეოთხე და მოამზადეთ ვარდის ფორმის ფუნთუშები.

8. მზა ფუნთუშები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, გადააფარეთ ნესტიანი ტილო და გააჩერეთ ნახევარი საათი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხისა და 1-2 ჩ. კ. წყლის ნარევი, ზემოდან მოაყარეთ ნუშის ფანტელი.

9. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.

გაგრილებულ ფუნთუშებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!