შემოგთავაზებთ საუკეთესო კრემების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ უგემრიელესი ტორტებისა და დესერტების მომზადებას.
1. კლასიკური კრემი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 500 მლ
- შაქარი 200 გრ
- ვანილი
- ფქვილი 50 გრ
- 4 ცალი კვერცხის გული
მომზადების წესი:
- კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ ვანილი, ფქვილი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- რძე აადუღეთ და შეურიეთ კვერცხიან მასას. მომზადებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ, ადუღეთ გასქელებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.
- გაგრილების შემდეგ კრემი თითო-თითო კოვზობით შეურიეთ კარგად ათქვეფილ 150 გრ კარაქს.
- ჰაეროვანი და არომატული კრემი მზად არის.
2. კარაქის უნივერსალური კრემი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 200 გრ
- კვერცხი (დიდი) 4 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- შაქრის ფხვნილი 100 გრ
- ვანილი
მომზადების წესი:
- აიღეთ სქელძირიანი ქვაბი. ქვაბი უნდა იყოს მშრალი. ათქვიფეთ კვერცხი და შემდეგ შეურიეთ შაქარი.
- ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ. მიიღებთ სქელ მასას.
- მომზადებული მასა ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან და ურევთ გაგრილებამდე.
- ცალკე თასში ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქრის ფხვნილი. შემდეგ თანდათან შეათქვიფეთ კვერცხიანი მასა. ბოლოს დაამატეთ მწიკვი ვანილი.
3. კრემი შესქელებული რძითა და კვერცხით
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- დარბილებული კარაქი 200 გრ
- შესქელებული რძე 100 გრ
- 2 ცალი კვერცხის გული
- ვანილი, კონიაკი
მომზადების წესი:
ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ შესქელებული რძე. აგრძელებთ თქვეფას და სათითაოდ ამატებთ კვერცხის გულებს. შეურიეთ ვანილი და კონიაკი.
4. შესქელებული რძისა და კარაქის კრემი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შესქელებული რძე 1 ქილა
- კარაქი 200 გრ
- ვანილი
მომზადების წესი:
პირველ რიგში, კარგად ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი. შემდეგ თანდათან დაამატეთ შესქელებული რძე და ვანილი.
5. კრემი ,,მასკარპონე“
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო ცხიმიანი 200 გრ
- ნაღები 33%-იანი ცხიმიანობის 200 მლ
მომზადების წესი:
ხაჭო გაატარეთ საცერზე და შეათქვიფეთ ცივი ნაღები. თქვეფთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე.
6. მოხარშული კრემი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ვანილის შაქარი 1 ჩ. კ.
- რძე 1,5 ჩ. ჭ.
- კარაქი 100 გრ
- ფქვილი 2 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- სქელძირიან ქვაბში აურიეთ ფქვილი და კვერცხი.
- ცალკე ქვაბში აადუღეთ რძე, დაამატეთ შაქარი და აურიეთ.
- ადუღებული რძე ნელ-ნელა დაასხით ფქვილიან მასას და ნიჩაბით კარგად აურიეთ.
- ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ. გასქელებული მასა ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.
- ცხელს შეურიეთ კარაქი, ვანილის შაქარი. კრემი გააგრილეთ და შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით. თქვეფთ დაახლოებით, 3-5 წუთი. მიიღებთ ჰაეროვან და ძალიან გემრიელ კრემს.
7. კარაქის კრემი
მიუხედავად იმისა, რომ მოცემული კრემი უმარტივესი მოსამზადებელია, ძალიან გემრიელია.
- კარაქი 250 გრ (ოთახის ტემპერატურის)
- შაქრის ფხვნილი 200 გრ
- რძე 100-150 მლ
- ვანილი
მომზადების წესი:
- რძე აადუღეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- კარაქი, ვანილი და შაქარი კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ რძე. თქვეფა გააგრძელეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. თქვეფთ 4-5 წუთი. მიიღებთ ჰაეროვან, ნაზ და მსუბუქ კრემს.