
შემოგთავაზებთ პავლოვას უგემრიელესი ტორტის, ,,კაპუჩინოს“, რეცეპტს. ტორტის მომზადების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მომზადებულ დესერტს ნამდვილად აქვს კაპუჩინოს გემო. ყავის კეთილშობილური არომატით შეზავებული კაკაოსფერი მერინგი საოცრად ნაზი და გემრიელია.
მოამზადეთ უგემრიელესი ,,კაპუჩინო“ და ყველა აღაფრთოვანეთ თქვენი კულინარიული ოსტატობით.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნაღები 300 მლ
- 4 ცალი კვერცხის ცილა
- შაქრის ფხვნილი 250 გრ
- ყავა (წმინდად დაფქული) 2 ჩ. კ.
- ცხელი შოკოლადის ფხვნილი 2 ჩ. კ.
- მარილი მწიკვი
- სიმინდის სახამებელი 2 ჩ. კ.
- ძმარი ან ლიმონის წვენი 1 ს. კ.
- კაკაო ზემოდან მოსაყრელად
მომზადების წესი:
- შაქრის ფხვნილი, დაფქული ყავა და ხსნადი შოკოლადი აურიეთ.
- კვერცხის ცილას დაამატეთ მარილი და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
- ცილის ღრუბელივით მასას თანდათან დაამატეთ შაქრის ფხვნილის, დაფქული ყავისა და ხსნადი შოკოლადის ნარევი. ბოლოს დაამატეთ სახამებელი და ძმარი.
- ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. ქაღალდზე დახაზეთ 22 სმ დიამეტრის წრე და ცილიანი მასა თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. როგორც კი ფორმას შედებთ ღუმელში, დაუწიეთ 150 გრადუსამდე. გამოსაცხობად დასჭირდება 1 საათი. გამომცხვარი ბეზე გარედან არის ხრაშუნა, ხოლო შიგნიდან ოდნავ რბილია. მერინგი მთელი ღამით დატოვეთ ღუმელში. ღუმელის კარი ოდნავ გამოაღეთ.
- დილით გააგრძელეთ მომზადება. ცივი ნაღები ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ მერინგზე და ზემოდან საცერით მოაფრქვიეთ კაკაო.
- ტორტი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
თუ გსურთ, რომ მერინგს ყავის გემო ჰქონდეს, გირჩევთ, აუცილებლად გამოიყენოთ წმინდად დაფქული ნალექიანი ყავა.
გემრიელად მიირთვით ეს საოცრება და ისიამოვნეთ!