შემოგთავაზებთ საოცრად არომატული მწნილის რეცეპტს. უგემრიელესია ერთ ქილაში სანელებლების არომატული მარინადით დამწნილებული კიტრი, პამიდორი, ბულგარული წიწაკა, პატისონი (შეგიძლიათ პატისონი ყაბაყით ჩაანაცვლოთ).
საჭირო ინგრედიენტები და მომზადების წესი:
- მწნილის მოსამზადებლად აირჩიეთ პატარა ზომის საღი პამიდვრები, წითელი ბულგარული წიწაკა, პატისონი და კიტრი. კიტრი ცოტა ხნით დატოვეთ გამდინერე წყალში.
- ქილები გაასტერილეთ. ინგრედიენტები გათვლილია ლიტრიან ქილაზე.
- ქილაში ჩაყარეთ შავი მოცხარის 2 ყლორტი (ძალიან უხდება და, რა თქმა უნდა, თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია), ნახევარი ცხარე წიწაკა, ალუბლის, პირშუშხას, რეჰანის 2-2 ფოთოლი, დიდ კამა ე. წ. კამის ქოლგა, ნიახურის 2-3 ღერო, 2 კბილი ნიორი და თუ სურვილი გაქვთ, დაამატეთ რგოლებად დაჭრილი ცოტა ხახვი.
- შემდეგ რიგრიგობით ლამაზად ჩააწყვეთ ბოსტნეული. ქილა კარგად გაავსეთ და დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და ცოტა ხნით, მარინადის მომზადებამდე, გააჩერეთ. შემდეგ წყალი გადაღვარეთ.
ამზადებთ მარინადს:
- ინგრედიენტები გათვლილია 1 ლ წყალზე.
- მარილი 1,5 ს. კ.
- შაქარი 1 ს. კ.
- მიხაკი 3-4 ბუტონი
- შავი პილპილის 3-4 მარცვალი
- სურნელოვანი პილპილი 3-4 მარცვალი
ინსტრუქცია:
- წყალი აადუღეთ, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და ადუღეთ 3 წუთი.
- მომზადებული მარინადი დაასხით ბოსტნეულს, დაამატეთ ჩაის კოვზამდე (არ გაავსოთ) ძმრის ესენცია და მოხუფეთ. ქილები დააწყვეთ თავდაყირა და გაგრილებამდე შეფუთეთ.
ისიამოვნეთ თქვენი შემოქმედებით, რადგან ფერად-ფერადი ბოსტნეულით სავსე ქილები ძალიან ლამაზია, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!