,,ჭიანჭველების ბუდე“ საოცრად გემრიელი დესერტია, რომელიც ყველას უყვარს. ფხვიერი ცომისა და არომატული კრემის კომბინაცია, ცოტა არ იყოს, რთული მოსამზადებელია.
შემოგთავაზებთ გამარტივებულ ვერსიას. ცადეთ და დარწმუნდებით, რომ ძალიან სწრაფად და მარტივად მოამზადებთ ამ უგემრიელეს დესერტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ორცხობილა 500 გრ
- კარაქი 100-130 გრ
- შავი შოკოლადი 80 გრ
- მოხარშული შესქელებული რძე 450 გრ
- ყაყაჩოს თესლი 2 ს. კ.
- მიწის თხილი 50 გრ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიგოზი, თხილი, ნუში
მომზადების წესი:
1. ორცხობილა დააქუცმაცეთ პატარ-პატარა ნატეხებად, დაამატეთ დაჭრილი მიწის თხილი ან ნიგოზი. შემდეგ დაამატეთ ყაყაჩოს თესლი, მოხარშული შესქელებული რძე, დარბილებული კარაქი და აურიეთ კოვზით. მიიღებთ ერთგვაროვან ჰაეროვან მასას.
2. ძალიან უხდება წაბლის თაფლი. თუ 2 ს. კ. თაფლს დაამატებთ, მოხარშული შესქელებული რძის რაოდენობა შეამცირეთ, დაახლოებით, 50 გრ-ით.
3. დაგჭირდებათ საშუალო ზომის ლანგარი. ლანგარზე ჯვარედინად დააფინეთ ფოლგის (ლანგარზე მოზრდილი) 2 ნაჭერი.
4. მომზადებული მასა გადაიტანეთ ლანგარზე. შემდეგ მჭიდროდ შემოახვიეთ ფოლგა და მიეცით ბორცვის ფორმა. დესერტი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
5. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, დესერტი გამოიღეთ მაცივრიდან, მოხსენით ფოლგა და ზემოდან მოაყარეთ ყაყაჩოს თესლი და გახეხილი შავი შოკოლადი. თუ გსურთ, შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და დაფარეთ ,,ჭიანჭველების ბუდე“.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!