ფერმენტებით, ცილებითა და სასარგებლო ბაქტერიებით მდიდარი ბუნებრივი ვაშლის ძმარი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ინგრედიენტია პლანეტაზე.
ეს საოცარი პროდუქტი უძველესი დროიდან გამოიყენება უამრავ სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გარდა ამისა, ვაშლის ძმარი აქტიურად გამოიყენება კანისა და თმის პრობლემათა მოსაგვარებლად.
მაქსიმალური სარგებლის უზრუნველსაყოფად, უმჯობესია, ვაშლის ძმარი თვითონ მოამზადოთ სახლში.
ხელნაკეთი ვაშლის ძმრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ქიმიკატებით დაუმუშავებელი ვაშლი.
დაიმახსოვრეთ, არ გამოგადგებათ მაღაზიაში შეძენილი ვაშლი და არც კომერციული ვაშლის ძმარი, რადგან ისინი არ შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებსა და ფერმენტებს.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მოამზადებთ ვაშლის ძმარს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვაშლი
- შაქარი
- თაფლი
- გადადუღებული წყალი
მომზადების წესი:
- დაგჭირდებათ ტკბილი და უსასუქო ვაშლი.
- ვაშლის ძმრის მოსამზადებლად საუკეთესო დრო ოქტომბრის ბოლოა.
- ვაშლი კარგად გარეცხეთ, დაჭერით (გათლა არ სჭირდება), აუცილებლად მოაჭერით დაზიანებული ნაწილები, გაატარეთ ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე და მოათავსეთ მინის სამლიტრიანი ქილაში.
- ქილა გაავსეთ ნახევრამდე და ვაშლის მასა დაფარეთ, დაახლოებით, 1,5 ლ თბილი წყლით. წყალში წინასწარ გახსენით 100 გრ შაქარი. მომზადებულ მასას ხის კოვზით კარგად ამოურიეთ, ქილას დააფარეთ სქელი მარლა და რეზინით დააფიქსირეთ.
- ქილა 10 დღით დადეთ თბილ და ბნელ ადგილას. პერიოდულად ურევთ ხის კოვზით.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ, გამოიყენეთ რამდენიმე ფენა მარლა. ქილაში დარჩენილი ვაშლის მასა ხელით კარგად გამოწურეთ.
- მიღებული სითხე გადაიტანეთ ისევ ქილაში, დაამატეთ 60 გრ თაფლი, მორევა არ არის საჭირო. თაფლი დროთა განმავლობაში თვითონ გაიხსნება. ქილას დააფარეთ სქელი მარლა და 40 დღით გააჩერეთ თბილ და ბნელ ადგილას. თანდათან ძმარი თავზე გაიკეთებს ნადებს ე. წ. ძმრის დედას. ნელ-ნელა სითხე დაიწმინდება და ნადები ქვემოთ დაილექება. დუღილის პროცესი დასრულებულია.
- დუღილის დასრულების შემდეგ, მიღებული ვაშლის ძმარი გადაწურეთ მარლის საშუალებით, ნადებისგან გაათავისუფლეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლებში და შეინახეთ საკუჭნაოში.
მოამზადეთ ორგანული ვაშლის ძმარი და მიიღეთ უამრავი საკვები ნივთიერებით დატვირთული სამკურნალო სითხე.
მიიღეთ უზმოზე ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსნილი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი (შეგიძლიათ შეურიეთ ჩაის კოვზი თაფლი) და გაიჯერეთ ორგანიზმი ვიტამინებითა და მიკრო ელემენტებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!