დამეთანხმებით, რომ ყველას ძალიან უყვარს შოკოლადისა და თეთრი ცომების ლამაზი და უგემრიელესი შერწყმით მომზადებული ნამცხვარი, ,,ზებრა“. ამ გემრიელობის მოსამზადებლად უამრავი სხვადასხვა რეცეპტი არსებობს.
ამჯერად, შემოგთავაზებთ შესქელებული რძის არომატით გაჯერებული დესერტის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
- არაჟანი 150 გრ
- შესქელებული რძე 1 ქილამდე
- კარაქი 120 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ფქვილი 2-2,5 ჩ. ჭ.
- კაკაო 1 ჩ. კ.
- მუქი შოკოლადი 1 ფილა
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი და შესქელებული რძე.
- კარაქი გაადნეთ და შეათქვიფეთ მომზადებულ მასას.
- შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად.
- შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან დადგით დაბალ ცეცხლზე (ამ შემთხვევაში, თასს, რომელშიც შოკოლადი უნდა გაადნოთ, ძირზე და გვერდებზე წაუსვით ცოტა კარაქი).
- ცომის ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო და გამდნარი შოკოლადი.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და თხელ ფენად მოაყარეთ მანანის ბურღული.
- ფორმის შუაგულში დაასხით 1 ს. კ. თეთრი ცომი, შემდეგ_ შოკოლადის ცომი და ასე ერთმანეთის მონაცვლეობით გაანაწილეთ თეთრი და შავი მასები.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45 წუთი.
ნაზი, საოცრად სურნელოვანი, ფუმფულა ,,ზებრა“ მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!