ნათქვამია: სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო. დამეთანხმებით, რომ, პირველ რიგში, ფინანსურ მსხვერპლს მოითხოვს, რადგან ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც აუცილებელია სახის კანის გასაახალგაზრდავებლად, დასატენიანებლად, გასაწმენდად და მბზინვარების მისანიჭებლად, საკმაოდ ძვირადღირებულია.
შემოგთავაზებთ ბიუჯეტური საშუალებების ჩამონათვალს, რომლებიც მუდმივად უნდა გქონდეთ სახლში და გამოიყენოთ თმისა და კანის მოსავლელად. მათი შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში.
დახარჯეთ მინიმალური და მიიღეთ მაქსიმალური შედეგი!
1. წყალბადის ზეჟანგი
წყალბადის ზეჟანგი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც წმენდს კანს, ათანაბრებს კანის ტონს და ამცირებს ანთებითი პროცესების რისკს. სახის ლოსიონის მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და წყალი. მომზადებული ნარევი გამოიყენეთ სახის კანის გასაწმენდად.
გარდა ამისა, წყალბადის ზეჟანგი საუკეთესო დეოდორანტია. პრეპარატი დაგიცავთ უსიამოვნო სუნისაგან და არ უშლის ხელს ოფლის გამოყოფას.
2. ღრუბელა (ბადიაგა)
მოცემული საშუალება ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ამცირებს ღრმა ნაოჭებს. ბადიაგას ბაზაზე მომზადებული ნიღაბი ამკვრივებს კანს და ანიჭებს ბუნებრივ მბზინვარებას.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 1 ჭიქა
- წყალბადის ზეჟანგი 2 ჩ. კ.
- ბადიაგას ფხვნილი 1 შეფუთვა
მომზადებული მასა აურიეთ და წაისვით სახის კანის პრობლემურ უბნებზე. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. კალენდულას სპირტზე დამზადებული ნაყენი
აკნეს საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ კალენდულას სპირტზე დამზადებული ნაყენი. პრობლემურ ადგილებზე დღეში 3-4-ჯერ თხელ ფენად წაისვით კალენდულას ნაყენი.
ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ნაყენი წმენდს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს.
4. სალიცილის მალამო
ითვლება სებორეის საწინააღმდეგო ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად. აშორებს მკვდარ უჯრედებს და ანიჭებს ჯანსაღ იერს.
5. თუთიის მალამო
თუთიის მალამო პრობლემური კანისთვის განკუთვნილი არაერთი ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის. მოქმედებს როგორც ანტისეპტიკი და ეფექტურად უმკლავდება ანთებას.
6. ინგლისური მარილი
გამოიყენება ფსორიაზის და ტანის კანის სხვა პრობლემათა სამკურნალოდ. თვეში ერთხელ გაიკეთეთ ინგლისური მარილის აბაზანა.
7. კოსმეტიკური თიხა
აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ფერის კოსმეტიკური თიხა. თიხის ბაზაზე მომზადებული ნიღბების გამოყენება შეგიძლიათ როგორც სახეზე, ისე ტანზე. თიხა აშრობს გამონაყარს, შეუძლია მკვდარი უჯრედების აქერცვლა, ამკვრივებს კანს. სხვადასხვა ფერის თიხა გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. მთავარია, გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი და შეარჩიოთ სწორად, თუ რომელი ფერის თიხა შეესაბამება თქვენს კანს.
8. პასტა ,,სულსენა“
თმის მოვლის საუკეთესო საშუალებად ითვლება ,,სულსენა“. მის შემადგენლობაში შედის გოგირდი, რომელიც აძლიერებს თმის ძირებს. სულსენა შეგიჩერებთ თმის ცვენას, ქავილს, არის ქერტლის საწინააღმდეგო, ანიჭებს თმას მბზინვარებას. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად თმა დაიბანეთ შამპუნით, შემდეგ თმის ძირებზე წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ზემოთ აღნიშნული პასტა, გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
9. ხსნარი ,,რომაზულანი“
ხსნარი დამზადებულია გვირილის ბაზაზე. ხსნარს აქვს ძლიერი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახის კანზე, ისე ტანზე. თქვენს შამპუნსა და შხაპის გელს დაამატეთ ცოტა, დაახლოებით 30-40 მლ, რომაზულანის ხსნარი, ხოლო სახის ნიღაბს_ სუფრის კოვზი. განსაკუთრებით ეფექტურია ცხიმიანი კანისთვის.
10. რიცინის ზეთი
რიცინის ბიუჯეტური ზეთი ხელს უწყობს თმის ზრდას. ზეთი შეიზილეთ სათანადო ადგილებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. მოცემული ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ წამწამებზეც.
11. კალციუმის ქლორიდი
კალციუმის ქლორიდი ბიუჯეტური საშუალებაა, რომელიც კანის გასაწმენდად საუკეთესოა.
კალციუმის ქლორიდის ერთი ამპულის შიგთავსი დაიტანეთ ხელისგულებზე და შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. დაელოდეთ გაშრობას და იგივე პროცედურა გაიმეორეთ 2-ჯერ. შემდეგ გაისაპნეთ ხელები და მსუბუქი წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით. მიიღებთ იდეალურ შედეგს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბიუჯეტური საშუალებები, რომელთა ეფექტურობა წლების მანძილზე არის დადასტურებული. ასე რომ, მინიმალური დანახარჯით მიიღეთ მაქსიმალური შედეგი.