9 სიმპტომი, რომლითაც დიაბეტის დიაგნოზს ნაადრევად ამოიცნობთ

დიაბეტი ორგანიზმს ინსულინის წარმოქმნაში და მისი ზემოქმედების აღქმაში უშლის ხელს, რაც სისხლში შაქრის დონის აწევას იწვევს. ამ დაავადების პირველი სიმპტომები საკმაოდ შეუმჩნეველი შეიძლება იყოს, რის გამოც მათი ამოცნობის ხერხები ყველამ უნდა ვიცოდეთ:

1. გახშირებული წყურვილი და მოშარდვა

დიაბეტის დროს თირკმელები ზედმეტ შაქარს ვერ იწოვენ. ამის გამო იგი თქვენ შარდში ხვდება და ამით ფიტავს ორგანიზმს სითხისგან. სწორედ ამიტომ გიჩნდებათ წყურვილის შეგრძნება და უფრო მეტი მოშარდვის სურვილი.

2. შიმშილის გრძნობა

როდესაც ორგანიზმი ინსულინის ნაკლებობას განიცდის დიაბეტის გამო, მას არ შეუძლია საჭმლის გლუკოზად გარდაქმნა, რის გამოც უჯრედებს ენერგიას ვერ აწოდებს. სწორედ ეს უშლის ხელს შიმშილის გრძნობის გაქრობას ჭამის შემდეგ.

3. დაღლილობა

დიაბეტის დროს თქვენს უჯრედებს საკმარისი გლუკოზა არ მიეწოდებათ, რაც ხშირ მოშარდვასთან ერთად თქვენი ორგანიზმის გამოფიტვას და ენერგიისგან დაცლას იწვევს. სწორედ ამიტომ ჩნდება გამუდმებული დაღლილობის შეგრძნება.

4. დაბურული მხედველობა

მხედველობის გაუარესება სითხეების გადაადგილების შედეგად ხდება, რაც თქვენი თვალის ლინზების შეშუპებას და ფორმის შეცვლას იწვევს. სწორედ ეს მოქმედებს თქვენი თვალების ფოკუსირების შესაძლებლობაზე. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში დიაბეტს ამ პროცესების გამო სიბრმავის გამოწვევაც კი შეუძლია.

5. აუხსნელი წონის კლება

დიაბეტის დროს ორგანიზმი ენერგიის წყაროდ გლუკოზას ვერ იყენებს, რის გამოც ცხიმების და კუნთების დაწვას იწყებს ენერგიის მისაღებად. სწორედ ამას შეუძლია წონის მოულოდნელი კლების გამოწვევა.

6. კანის ქავილი

შარდში შაქრის დიდი ოდენობის არსებობა ორგანიზმს სითხეებისგან ცლის. ასეთ დროს სითხეები აკლდება კანის ქსოვილებსაც, რომელიც ორგანიზმის უდიდესი ორგანოა. კანის გამოშრობა იწვევს მისი ქავილის პრობლემის გაჩენასაც. კანის ქავილის ხშირი მიზეზია სოკოვანი ინფექციებიც, რაც დიაბეტიან ადამიანებში საკმაოდ ხშირია.

7. ნელი განკურნება

ნაკაწრების და ჭრილობების ნელი განკურნება დიაბეტის სიმპტომია. სისხლში შაქრის მაღალი დონე ჭრილობაში ანთების გაუარესებას იწვევს და ამასთანავე აუარესებს სისხლის მიმოქცევასაც, რის გამოც სისხლის უჯრედებს უჭირთ დაზიანებულ არემდე მიღწევა კანის განსაკურნად.

8. მუქი ლაქები კანზე

ასეთი შავი მონაკვეთები როგორც წესი ისეთ არეში ჩნდება, სადაც კანი იკეცება. სწორედ ამიტომ იგი ხშირად იჩენს თავს კისრის, საზარდულის და იღლიების არეში, ასევე მუხლების უკანა მხარესაც. მსგავსი სიმპტომის შემჩნევის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა ესტუმროთ ექიმს.

9. კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის სენსაციის გაჩენა

სისხლში შაქრის მაღალი დონე მიმოქცევის შესუსტებას იწვევს, რაც ნერვების დაზიანების მიზეზი ხდება. ასეთ დროს ხელებს და ფეხებს ექმნებათ მსგავსი პრობლემები პირველ რიგში, რადგან სწორედ ისინია მოთავსებული გულისგან ყველაზე შორს.